Menu Close

ბლოგი ბედნიერებაზე

key to happiness at Mariam's art world

* This is the translated version of our previous blog " 10 Keys to Happiness". You can read the original blog in English here

ყველა ჩვენგანი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს მიაღწიოს ბედნიერებას. მინდა, დავწერო ბედნიერების მიღწევის 10 საშუალებაზე, რომლებიც, შეიძლება თქვენს შემთხვევაშიც მოქმედებდეს.

სიყვარული

 

 

,,ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა გვჯეროდეს, რომ სხვებს ვუყვარვართ – იმის გამო, როგორები ვართ ან უფრო მეტიც, მიუხედევად იმისა, როგორები ვართ“, – ვიქტორ ჰიუგო. 

ბედნიერი ცხოვრებისათვის სიყვარული უპირველესია. სიყვარული სხვების, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების, ჩვენი საქმიანობის და, რაც მთავარია, საკუთარი თავის – ბედნიერების მთავარი გასაღებია.

მიღება და გაცემა

,,ათასობით სანთელი შეიძლება ავანთოთ ერთი სანთლიდან, თუმცა ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება. ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება“, – ბუდა.

,,ცხოვრების აზრი ის კი არაა იყო ბედნიერი, არამედ იყო მნიშვნელოვანი და პატივსაცემი, შეგეძლოს თანაგრძნობა და ისე იცხოვრო, რომ დატოვო შენი კვალი,“ – რალფ უოლდო ემერსონი.

როდესაც რაღაცას გავცემთ, ეს სიხარულს გვანიჭებს. შინაგანი ბედნიერების განცდა გვეუფლება, როცა სხვას გავახარებთ, ცრემლს შევუმშრალებთ და დახმარების ხელს გავუწვდით.

მეგობრობა

 

,,მეგობარი – ესაა ადამიანი, რომელიც სრულ თავისუფლებას განიჭებს იყო ისეთი, როგორიც ხარ“,- ჯიმ მორისონი.

მეგობრობა თავისუფლებაა. თუ იპოვე ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია საკუთარი თავის თავისუფლად, ბოლომდე გამოხატვა, ე. ი. გაქვს კიდევ ერთი მიზეზი ბედნიერებისთვის.

 

*Need TRANSLATION Service in Georgia ??

Anna Kozhoridze
Translator
Anna is a translator and an interpreter who provides translation services from Georgian to English and vice versa. Email id : anna.kozhoridze@gmail.com

სწავლა

,,ყველაზე კარგი გზა, რომ გახდე სევდიანი,“ – უპასუხა მერლინმა, თან მოწია და გააბოლა, – ,,არის ის, რომ ისწავლო. მაგრამ ის არასოდეს გიმტყუნებს. გაივლის დრო, შეიძლება დაბერდე და შენმა სხეულმა კანკალიც კი დაიწყოს, შეიძლება ღამით იწვე და გესმოდეს, როგორ არათანაბრად მიდის სისხლი ვენებში, იქნებ სიყვარულსაც გამოეთხოვო, ან ნახო როგორ ანადგურებენ სამყაროს შენს გარშემო ბოროტი არსებები, როგორ თელავენ შენს ღირსებას მახინჯი აზროვნების ადამიანები, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი რაღაც რაც ამ დროს გიშველის – ესაა სწავლა. გაიგე, რატომ ბრუნავს სამყარო და რა ძალა აბრუნებს მას. სწავლა ერთადერთია, რაც გონებისთვის არასოდეს იქნება დამღლელი, მომაბეზრებელი, მტანჯველი, საშიში ან არასაიმედო. ის არასოდეს გაგიხდება სანანებელი. სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის. შეხედე, რამდენი რამეა სასწავლი“. – ტერენს ჰენბერი უაიტი, „სამუდამო მეფე“

ეს სიტყვები ამტკიცებს, რომ სწავლას ბედნიერება მოაქვს.

მუსიკა

,,მუსიკა გვანიჭებს ისეთი სახის სიამოვნებას, რომელიც ადამიანის არსებობისთვის აუცილებელია,“ – კონფუცი.

ჩვენი გემოვნების მუსიკის მოსმენას სიამოვნების შეგრძნება მოაქვს, საყვარელი მელოდიის მუსიკალურ ინსტრუმენტზე შესრულებას კი – უსაზღვრო სიხარული.

ხელოვნება

,,ხელოვნება გულიდან იქმნება“, – ელიოტ ეისნერი.

ხელოვნება საშუალებას გაძლევს შექმნა რაღაც და ამით სიხარული განიცადო. ხელოვნების სხვადასხვა ფორმები (ხატვა, წერა, სიმღერა…) გონების საუკეთესო სტიმულაციაა და ბედნიერების განცდას გვანიჭებს.

ხელოვნებასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რაც მუსიკაზე ითქვა. ადამიანი უსაზღვრო ბედნიერებას განიცდის, როცა თვითონ ქმნის ხელოვნების ნიმუშს.

კითხვა

,,რაც უფრო მეტს წაიკითხავ, მით მეტს ისწავლი. რაც უფრო მეტს ისწავლი, მით მეტ ადგილას წახვალ’’, – ექიმი სეუსი.

ყველაზე კარგი, რაც თავისუფალ დროს შეიძლება აკეთო – წიგნის კითხვაა. წიგნი გონების თვალსაწიერს აფართოებს.

კითხვა საშუალებას გაძლევს გაიცნო საინტერესო პერსონაჟები და გაიმდიდრო წარმოსახვა. წარმოსახვით სავსე გონება ადვილად ამარცხებს მწუხარებას.

ასე რომ, ბედნიერების კიდევ ერთი საშუალება თავისუფალი დროის წიგნთან ერთად გატარებაა.

ოცნება

,,თუ არ გაქვს წარმოსახვა და ოცნება, კარგავ შესაძლებლობებს. ბოლოს და ბოლოს, ოცნება ხომ დაგეგმვის საშუალებაა,“ – გლორია სტეინემი.

ქართველებს გვაქვს ერთი ძალიან კარგი გამონათქვამი: ,,ოცნებას კაცი არ მოუკლავს“.

ჩვენ უნდა ვიოცნებოთ დიდ საგნებზე. ოცნება უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს. როცა დღე და ღამ იმისთვის ვშრომობთ, რომ ჩვენი ოცნება ახდეს, გვავიწყდება დარდი და ტკივილი და მთლიანად სამუშაოში ვეფლობით. ჩვენს საქმიანობაში ბოლომდე ჩართვას კი ბედნიერებისკენ მივყავართ.

რწმენა

,,ზოგჯერ ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო ის კი არაა, რომ იფიქრო, ინატრო ან რაღაც წარმოიდგინო, არამედ, უბრალოდ ისუნთქო და რწმენა გქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება“. ანონიმური

ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი ოცნებების. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვწამდეს იმ უზენაესი ძალის, რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთს ვუწოდებთ.

უფლის რწმენა იმედის სხივებს გვფენს და გვეხმარება ახალი გზების აღმოჩენაში. როდესაც ადამიანს რწმენა აქვს, მისი ცხოვრება უსასრულო, სინათლით სავსე ბედნიერებაა.

შეცდომები

,,იცხოვრე და დაუშვი შეცდომები. დაუშვი საოცარი, დიდებული და ფანტასტიკური შეცდომები. დაარღვიე წესები. გახადე სამყარო უფრო საინტერესო შენი ცხოვრებით. შექმენი ნამდვილი ხელოვნება “, ნილ გეიმანი.

შენ ახლა ფიქრობ, როგორ შეიძლება იყოს შეცდომა ბედნიერების წყარო. აი, რას ვგულისხმობ შეცდომების დაშვებაში: უნდა იყო გაბედული, შეგეძლოს რისკზე წასვლა და არ გეშინოდეს, რომ რამე შეგეშლება ან დამარცხდები.

მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მზად ვართ შეცდომებისათვის, შეგვწევს უნარი შევქმნათ ისეთი რაღაც, რაც სხვებს აღაფრთოვანებს. როცა შეცდომის შიში გაგვიქრება, შეიძლება ნამდვილი ბედნიერებაც ვიპოვოთ.

იმედი მაქვს, ყოველივე ზემოთქმულში იყო ბედნიერების მიღწევის ის გზა, რომელიც თქვენც ძალიან დაგეხმარებათ.
გთხოვთ, კომენტარების ველში დაწეროთ იმ საშუალებაზე, რომელსაც პირადად თქვენ იყენებთ.

მოდით, ვნახოთ, ბედნიერებისაკენ მიმავალი რამდენი გზა შეიძლება არსებობდეს!

* GIFs used in this post from : GIPHY.com

*ბლოგის მთავარი ნახატი („ბედნიერების გასაღები“) ეკუთვნის ჩვენს ხელოვან მეგობარს, კატერინა კურტელს საბერძნეთიდან.

კატერინა კურტელი
მხატვარი და ილუსტრატორი
კატერინა არის მხატვარი საბერძნეთიდან. მისი ნახატები წარმოსახვით თემატიკაზეა. კატრინას ოსტატობა ვლინდება იმაში, რომ ის თავის შემოქმედებაში აერთიანებს მხატვრობასა და პოეზიას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *